Friday, May 23, 2014



სად  არის  საქართველო?!


ყოველთვის მეგონა, რომ პატრიოტი ვიყავი, მთელი გულით მიყვარდა ჩემი სამშობლო და მისთვის მტერსაც კი თავს შევაკლავდი! ცოტა საასცილოდ კი ჟღერს გოგოს მხრიდან  მტერს თავს რომ აკლავ, მაგრამ აქ მთავარი სურვილია და არა მისი გამოხატვის ფორმა.
რაც თავი მახსოვს ჩემს გარშემო, ყოველთვის  იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდნენ. ყველას წასვლის სხვადასხვა მზეზი ჰქონდათ. ზოგს განათლების მიღება სურდა, ზოგს გართობა,  უმრავლეს შემთხვევაში კი სიღარიბის გამო უნდოდათ სამშობლოს დატოვება. მაგრამ ამ ადამიანებს არასდროს უფიქრიათ იქაურ ემიგრანტულ ცხოვრებაზე რომელიც წინ ელოდათ. უამრავი უძილო ღამე და უფულო დღეები, ხოლო როცა გაგიმართლებს მუშაობას დაიწყებ ოფიციანტად, მენაგვედ, ჩავარდნილი მოხუცის ან ბავშვის მომლელად. დროებითი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაემალო საემიგრაციო სამსახურს, პარალელურად კაპიკ-კაპიკ აგროვო ფული და უგზავნო ახლობლებს, რომლებიც თავიდან ცრემლებით შეხვდნენ შენ წასვლას სამშობლოდან, შემდეგ კი გავალდებულებენ რომ ფული გამოუგზავნო. ემიგრანტის ტანჯვა-წამების ხარჯზე , მისი ახლობლები ირემონტებენ ბინებს და ყიდულობენ ძვირფას ტექნიკას და თან თავს ამეტებენ სხვა ადამიანებს,რადგან მათ სხვაზე მეტი ფული აქვთ. გადის დრო, გიპყრობს ნერვოზი და გეძალება ნოსტალგია, მაგრამ თავს იიმედებ რომ შორეულ საქართველოში, ვიღაცას ძალიან ენატრები და ფულის გამო კი არა ქვს შენთან ურთიერთობა, არამედ იმიტომ, რომ უყვარხარ.
საქართველოში ყოფნა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია არც არავინ მოგენატრება და არც სულიერი ტკივილები დაგტანჯავენ, არც ხშირად დაასველებ ბალიშს ცრემლებით, არც უცხო გარემოსთან მოგიწევს შეგუება ენის და ქვეყნის ტრადიციების არცოდნის გამო…
საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს გვინდა ვიყოთ საჭირონი, რაც არ უნდა ბედნიერად ვგრძნობდეთ თავს აქ, მაინც გავიუარესებთ ყოფას და გავიქცევით ევროპაში, ოღონდაც ვიყოთ სასარგებლონი და საჭირონი.  ჩვენ მზად ვართ, რომ ვიყოთ მენაგვეები, მიმტანები, მუშები, მოხუცების ძიძები საზღვარგარეთ და ამას არ გავაკეთებთ საქართვველოში, რადგან აქ ცხოვრობენ  ადამიანები, რომლებსაც სასაცილოდ მიაჩნიათ შენი სამსახური, რომლებიც თვლიან, რომ არარაობა ხარ თუკი ხარ მენაგვე ან მუშა. შენ არ გინდა იყო შენი ქვეყნის დამლაგებელი, მისი აღმშენებლი და მომვლელი, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგანან სნობები, რომლებსაც წიგნი უჭირავთ ხელში (შესაძლოა არც არასდროს გადაუშლიათ) და ცინიკურად გირტყავენ მას თავში, თან გეუბნებიან, რომ გაუნათლებელი ხეპრე ხარ და იმიტომაც გაქვს ხელში ცოცხი ან ნიჩაბი! შენ არ გინდა  ემსახურო იმ ადამიანებს, რომლებიც დედას გაგინებენ, რომლებიც გჭორავენ, უხეშად ერევიან შენს პირად ცხოვრებაში, არ დაუხრი თავს იმათ, რომლებსაც თავი დიდი ვინმე ჰგონიათ და გირჩევნია მოისმინო ეს სხვა ქვეყნის მოქალაქისგან, რომელსაც არ აქვს შეხება შენს ქვეყანასთან და მისგან მოსმენილი დამცირება გაცილებით ადვილი ასატანია, ვიდრე შენი ახლობლისგან.
საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქართველი ემიგრანტები მარტო ფულის გამო არ მიდიან საზღვარგარეთ. იქ მათ უწევთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ავტობუსში ბილეთს არ უღებენ, სტუმრად მისასვლელად რამოდენიმე დღით ადრე უწევთ შეთანხმება მასპინძელთან და რაც მთავარია, ორი ჭიქის დალევის შემდეგ დანის გასაყრელად არ გაგიმეტებენ.
ახლა კი ვხედავ, რომ ერთი დიდი ჭაობის შუაგულში ვიმყოფებით და რაც დრო გადის, მით უფრო ვიძირებით ამ ჭაობში და არც არაფერს ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად.მე მიყვარს ჩემი ქვეყნის კულტურა, მაგრამ არ მიყვარს ხალხი, რომელიც დღეს თუ არა ხვალ მაინც მოსპობს ღირებულებებს მათი არასათანადოდ გააზრების გამო. მე მიყვარს ჩემი ქვეყნის მიწა, მაგრამ უარყოფითად ვარ განწყობილი დედისმაგინებელი და ღიპზეყანწდადებული კაცუნების მიმართ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სადაც შემიძლია ვაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია, ვისწავლო, წავიკითხო, გავიზარდო შინაგანად, მაგრამ არ მიყვარს ის საქართველო, სადაც ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი ხანდახან მიქრება ხოლმე. მე მიყვარს ქვეყანა, სადაც ვიმეგობრებთ განსხვავებულ ადამიანებთან და პატივს ვცემთ სხვის ნიჭს, მაგრამ არ მიყვარს ის ქვეყანა, სადაც ვცემთ და ვაგინებთ სხვანაირებს და ბოღმით ვსკდებით სხვათა წარმატების დანახვისას.
მე მინდა ვნახო ისეთი საქართველო სადაც საზოგადოება ერთმანეთს შინაგანი მეთი დააფასებს და არა იმით თუ როგორი თანამდებობა უკავია მას სამუშაოზე. მინდა ქართველმა ემიგრანტებმა შეძლონ სამშობლოში დაბრუნება და მუშაობა ისე რომ არავინ არ დასცინოთ, იმიტომ რომ არიან დამლაგებლელბი და არა მინისტრები.

No comments:

Post a Comment